საქართველოდან კატალიზატორის ექსპორტი აიკრძალება – პრემიერი
- ეკონომიკა
- ივნისი 12, 2023
- 134
“აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კატალიზური კონვერტერის დანიშნულება შიგა წვის პროცესის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი აირების განეიტრალებაა, ამით ავტომობილის ემისიების და გარემოს დაბინძურების შემცირება ხდება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყოველწლიურად ქვეყნიდან 15 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კატალიზატორების ექსპორტი ხორციელდებოდა.
პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით ქვეყანაში კატალიზატორების გარეშე მოძრავი ავტომობილები მთავარ პრობლემას ქმნიან.
“რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე.წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.
პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების. ჩვენ უკვე მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო 9 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 98 მილიონი დოლარის კატალიზატორები გავიდა ექსპორტზე – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული პასუხიდან ირკვევა. უწყებას კითხვით კატალიზატორების ექსპორტის შესახებ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა მიმართა.
წლების მიხედვით, საქართველოდან ყველაზე მეტი კატალიზატორი 2021 წელს გავიდა, რამაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა 2020 წელი – 16.9 მილიონი დოლარის ექსპორტით.
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი წლების მიხედვით ასე ნაწილდება:
● 2015 – 92,122 კგ. ღირებულება 6,297,318 დოლარი;
● 2016 – 60,505 კგ. ღირებულება 3,594,713 დოლარი;
● 2017 – 61,579 კგ. ღირებულება 3,654,629 დოლარი;
● 2018 – 89,672 კგ. ღირებულება 7,291,708 დოლარი;
● 2019 – 111,190 კგ. ღირებულება 11,709,724 დოლარი;
● 2020 – 86,999 კგ. ღირებულება 16,794,165 დოლარი;
● 2021 – 122,092 კგ. ღირებულება 31,082,823 დოლარი;
● 2022 – 67,790 კგ. ღირებულება 15,986,269 დოლარი.
კატალიზატორების ძირითადი წყარო ქვეყანაში შემოსული მეორადი ავტომობილებია, რომლებსაც მეპატრონეები/რეალიზატორები დამატებითი შემოსავლების მისაღებად კატალიზატორებს ხსნიან.
კატალიზური კონვერტერების ღირებულებას მასში შემავალი ფერადი ლითონები განაპირობებს, მათ შორის არის პალადიუმი, როდიუმი და პლატინა.